Image
Image
Image

ნიგერიამ გაიმარჯვა და მერვედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა

image
  • 136
დასრულდა მატჩი D ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ნიგერიისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში და საინტერესოდ მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ისლანდიის ნაკრებს, მაგრამ ხან მეკარე ყოჩაღობდა, ხან ჩრდილოელებს იღბალი ღალატობდათ.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და ნიგერია უფრო გააქტიურდა, რასაც ძალიან მალე მოჰყვა შედეგი. აჰმედ მუსამ გრძელი პასი მეტოქის საჯარიმოში დიდოსტატურად მიიღო და მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა ბურთი ჰალდორსონის კარში – 1-0.

ამის შემდეგ ისლანდიელები გააქტიურდნენ და საპასუხო შანსების ძებნა დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ. სამაგიეროდ, ნიგერიამ გაიტანა მეორე და აქაც თავი მუსამ გამოიჩინა. ის მარცხენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში, მეკარესაც აუარა გვერდი და მხოლოდ ორი მცველით დაცულ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 2-0.
Image
მატჩის მიწურულს ისლანდიელებს ანგარიშის შემცირების საშუალება მიეცათ: მსაჯმა ვიდეოგამეორების დახმარება გამოიყენა და ნიგერიელთა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ გილფი სიგურდსონმა ბურთი კარს ააცილა.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და ნიგერიამ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგმა მერვედფინალში გასვლის შანსი არგენტინის ნაკრებსაც დაუტოვა. ყველაფერი მესამე ტურში გადაწყდება, რომელიც D ჯგუფში 26 ივნისს გაიმართება.