Image
Image
Image

გერმანიამ შვედეთი ბოლო წამებზე გატანილი გოლით დაამარცხა

image
  • 343
გერმანია 2:1 შვედეთი
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ერთმანეთს გერმანია და შვედეთი დაუპირისპირდნენ. პირველ ტურში „ბუნდესნაკრები“ მოულოდნელად დამარცხდა მექსიკასთან და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსის შესანარჩუნებლად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს გამარჯვება სჭირდებოდათ. შვედებმა თავის მხრივ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს სამხრეთ კორეა.

შეხვედრის პირველი ტაიმის მნიშვნელოვან მონაკვეთში გერმანია დომინირებდა და შვედები მხოლოდ თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი. ფავორიტებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ შვედების კარის აღება ვერ მოახერხეს.

მატჩის პირველი გოლი 32-ე წუთზე გავიდა. ტონი კროოსმა საკუთარ ნახევარზე შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. კლაესონმა ტოივონენს ზუსტი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ანგარიში ძალზედ ეფექტური დარტყმით გახსნა.

გერმანელებმა ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე გაათანაბრეს. გომესის ჩაწოდებას მარკო როისი გამოეხმაურა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელთა პირველი გოლი გაიტანა – 1:1.
Image
თამაშის დასრულებამდე გერმანელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 82-ე წუთზე ბოატენგი უხეშობისთვის გააძევეს, გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. გოლის გატანის რეალური შანსები მათ 88-ე და 93-ე წუთებზე წუთებზე ჰქონდათ. ჯერ გომესი ურტყამდა თავით, კარისკენ, ახლო მანძილიდან და ოლსენმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, ხოლო შემდეგ კი მოედანზე ახლად შემოსული ბრანდტი თამაშობდა საჯარიმოს გარედან ძალზედ ეფექტურად, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

მატჩის დამთავრებამდე წამებით ადრე შვედეთის საჯარიმოსთან ახლოს ჯარიმა დაინიშნა. გერმანელებმა ბურთი გაათამაშეს და ტონი კროოსმა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა შესანიშნავი დარტყმით გამოასწორა – 2:1.

მოპოვებული გამარჯვებით გერმანიამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი შეინარჩუნა, შვედებს კი პლეიოფის საგზურისთვის ბოლო ტურში გამარჯვება დასჭირდებათ და სხვა მატჩების შედეგებზეც იქნებიან დამოკიდებულნი.