Image
Image
Image

ფედერერმა ჰალეს ფინალი წააგო და რეიტინგში ლიდერობა დაკარგა

image
  • 114

სენსაციურად დასრულდა გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის ფინალი – ცხრაგზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სამ სეტში წააგო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან, რომელსაც ჰალემდე ბალახის კორტებზე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ფინალის პირველი სეტი ძალიან თანაბარი გამოვიდა. პირველ 10 გეიმში არც ერთხელ არ ყოფილა ანგარიში “თანაბარი”,- მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს. მდგომარეობა ერთხელ დაიძაბა, მე-11 გეიმში, როცა ჩორიჩის მოწოდებაზე 16 ქულა გათამაშდა, ფედერერს ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ტაი-ბრეიკი მაინც დაინიშნა.

მე-13 გეიმში ფედერერი ვალდებული იყო მოეგო. 6:4 დაწინაურდა და ორმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ჩორიჩმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში ფედერერი ფლობდა ინიციატივას და მერვე გეიმში, როგორც იქნა, მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც სეტზე ჩააწოდა.
Image
მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, რის შემდეგაც, ფედერერის თამაში ერთბაშად მოიშალა და შვეიცარიელმა ლეგენდამ 2:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო, რითაც ტიტული ჩორიჩს დაუთმო. ხორვატმა 2 საათსა და 7 წუთში 7:6(6), 4:6, 6:2 მოიგო.

ჩორიჩმა სრულიად დაიმსახურა ეს ტიტული. პირველ წრეში მან მეორე ნომრად განთესილი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გაანადგურა, ახლა კი ბალახზე ფედერერის 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ჩორიჩი ორშაბათიდან მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გახდება და ეს მისი კარიერის რეკორდია. ფედერერი კი ფინალის წაგებით დაკარგავს ლიდერობას კლასიფიკაციაში და პირველ ადგილზე ისევ ესპანელი რაფაელ ნადალი დაბრუნდება.