Image
Image
Image

საფრანგეთი ნახევარფინალშია

image
  • 122
ურუგვაი 0:2 საფრანგეთი - მატჩის საუკეთესო მომენტები
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი 45 წუთის მანძილზე ფრანგები პირველ ნომრად თამაშობდნენ და ბურთს ძირითადად სწორედ ევროპელები აკონტროლებდნენ, მაგრამ კარში ზუსტი დარტყმა სამხრეთ ამერიკელებს მეტი ჰქონდათ. საფრანგეთის პირველ კარში წასულ დარტყმას გოლი მოჰყვა – პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე გრიზმანმა სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ვარანი ყველაზე მაღლა ახტა და ანგარიში უზუსტესი თავური დარტყმით გახსნა. ტაიმის ბოლო წუთებზე ურუგვაის ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. კასერესის თავური დაბალ კუთხეში მიდიოდა და უგო ლორისმა ე.წ. „მკვდარი ბურთი“ მოიგერია. დამატებაზე გოდინი გაჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი იყო.
Image
მეორე ტაიმის სტარტზე ურუგვაელები აქტიურობდნენ, თუმცა შიგადაშიგ კონტრ-შეტევები ეპარებოდათ და ფრანგების ერთ-ერთი ასეთი შეტევა გოლით დასრულდა. პოლ პოგბამ მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს აართვა და ურუგვაელთა საჯარიმოსკენ დაიძრა. თითქოს ეპიზოდი მაშინ უნდა ამოწურულიყო, როდესაც მან ბურთი გრიზმანს მისცა, რომლის წინაც სამხრეთ ამერიკელთა სამი მცველი იდგა. ფრანგების ათიანის შორეული დარტყმა ძლიერი გამოვიდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მუსლერასკენ მიდიოდა, ურუგვაელთა კარის დარაჯმა კი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ვერ მოიგერია და ფრანგები ორი გოლით დაწინაურდნენ.

მეორე გოლის გაშვების შემდეგ სამხრეთ ამერიკელები შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ მათ იერიშებს სიმწვავე აკლდა. ფრანგებმა შეხვედრის დასრულებამდე კარის მშრალად შენახვა განსაკუთრებული გარჯის გარეშე მოახერხეს.

საფრანგეთი ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. მათი მეტოქის ვინაობა დღეს, 22:00 საათზე, ბრაზილისაა და ბელგიის დაპირისპირებაში გაირკვევა.