Image
Image
Image

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია!

image
  • 89
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი ხორვატიას დაუპირისპირდა და მეტოქე ძალზედ სანახაობრივ მატჩში – 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩამდე საფრანგეთი და ხორვატია ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და აქედან თითოჯერ – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. 1998 წელს, საფრანგეთში გამართული მუნდიალის ნახევარფინალში, ანგარიში ხორვატებმა გახსნეს, თუმცა დარჩენილ დროში საფრანგეთმა ორის გატანა მოახერხა, ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა. ეს იყო ხორვატიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების პირველი დაპირისპირება ისტორიაში.

ამის შემდეგ, 1999 და 2000 წლებში, საფრანგეთმა ხორვატიას კიდევ ორჯერ მოუგო, 2004 წელს კი, პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ამ გუნდების დღეისთვის ბოლო დაპირისპირება 2011 წელს შედგა და ის მატჩიც ფრედ, 0:0 დასრულდა. ამრიგად, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთისთვის ჯერ არც ერთხელ არ ჰქონდა მოგებული.

2018 წლის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირების პირველი გოლი მე-19 წუთზე გავიდა. ანტუან გრიზმანმა ჯარიმა მოიპოვა და მეტოქის საჯარიმოში თავადვე ჩააწოდა. ბურთი მარიო მანჯუკიჩს მოხვდა, შუბაშიჩმა რეაგირება ვეღარ მოასწრო და ანგარიში გაიხსნა – საფრანგეთი 1:0 ხორვატია.

ხორვატები გაშვებულმა გოლმა არ გატეხა და 29-ე წუთზე ანგარიში შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, ივან პერიშიჩმა გაათანაბრა. ფრანგებმა პირველი ნახევრის მოგება მაინც მოახერხეს – ტაიმის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ხორვატთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ანტუან გრიზმანმა უნაკლოდ შეასრულა.
Image
მეორე ტაიმში ხორვატები აქტიურობდნენ, თუმცა ფრანგები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ თამაშობდნენ და ნახევრის პირველი გოლი სწორედ სწრაფი იერიშის შემდეგ შეაგდეს. პოგბამ თავისივე დაწყებული იერიში შესანიშნავი დარტყმით დაასრულა. შემდეგი გოლი მბაპემ კვლავ კონტრიერიშის შემდეგ, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა და გახდა მეორე „თინეიჯერი“ ლეგენდარული პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეაგდო.

ხორვატებმა ერთი გოლი სწრაფად გაქვითეს, უგო ლორისმა მანჯუკიჩის მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ხორვატმა თავდამსხმელმა ფინალში თავისი ბურთი მაინც გაიტანა.

თამაშის დასრულებამდე ზლატკო დალიჩის გუნდი გოლის გატანას და ანგარიშის გათანაბრებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა ფრანგებმა მათ ამის შანსი აღარ მისცეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.