Image
Image
Image

როგორ გაჩნდა ფეხბურთში წითელი და ყვითელი ბარათები

image
  • 1 897
1960-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთელებს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ მოედნებზე ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ თამაშის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ხშირად მატჩები ისეთი ჩხუბებით სრულდებოდა, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ამ ფონზე მატჩის დროს წითელი და ყვითელი საჯარიმო ბარათების გამოყენების იდეა ინგლისელ მსაჯს, კენეტ ასტონს გაუჩნდა. BBC წერს, რომ ასტონი შუქნიშნის ფერებმა შთააგონა: „ერთხელ, ლონდონში კენსინგტონის მთავარ ქუჩაზე მივდიოდი და გზაჯვარედინზე შუქნიშანზე წითელი აინთო. ამ დროს გავიფიქრე: აი, ყვითელი ნიშნავს „დამშვიდდი“, ხოლო წითელი „კმარა, დატოვე მოედანი“. კენეტ ასტონი ფოტო: KenAston.org
Image
საფეხბურთო განუკითხაობის კულმინაციად ჩილეში 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა. მატჩში საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრებებს შორის, ორივე გუნდის ფეხბურთელები იმდენად უხეშად თამაშობდნენ, რომ რამდენიმემ მოტეხილობები მიიღო; მსგავსი რამ მოხდა გერმანიის და იტალიის თამაშის დროსაც; ჩეხოსლოვაკიის და ესპანეთის მატჩის მიმდინარეობისას მეკარეს თავში ისე ჩაარტყეს, რომ მან გრძნობა დაკარგა; არგენტინის და ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრის დროს რამდენიმე ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო. მაგრამ ყველაფერი ჩილეს და იტალიის გუნდებს შორის შეხვედრისას დაგვირგვინდა: ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ისეთ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რომ მოედანზე პოლიციელების შეყვანა გახდა საჭირო. მართალია მატჩი ჩილეს ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მაგრამ მსაჯებით ყველა უკმაყოფილო დარჩა. სწორედ ამ თამაშის მსაჯი იყო კენეტ ასტონი, რომელიც მომხდარით იმდენად შეძრწუნებული იყო, რომ მოგვიანებით თავის მდგომარეობას მატჩის დროს ასე აღწერდა: „მე ფეხბურთის მატჩის არბიტრი კი არ ვიყავი, სამხედრო მანევრებთან გამკლავება მიწევდა!“. ასტონმა მსაჯის კარიერა 1963 წელს დაასრულა, 1966 წელს კი „ფიფას“ მსაჯთა კომიტეტის ჯერ წევრი, შემდეგ კი ხელმძღვანელი გახდა. სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მოუწია მას ახალ სკანდალში ჩარევა, რომელიც 1966 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, არგენტინის და ინგლისის გუნდების თამაშის დროს მოხდა. მატჩის 36-ე წუთზე გერმანელმა მსაჯმა რუდოლფ კრაიტლაინმა მოედნიდან არგენტინის ნაკრების კაპიტნის ანტონიო რატინის გაძევება მოითხოვა, თუმცა ამის შემდეგ პოლიციელებს მოედნიდან თავად კრაიტლაინის გაყვანა მოუხდათ. მანამდე გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთი სადავო მომენტი ინგლისელების სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც რატინმა გააპროტესტა, რის შემდეგაც კრაიტლაინმა მას მოედნის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელმა მსაჯის მოთხოვნა ვერ გაიგო, რადგან მსაჯმა ესპანური ენა არ იცდოდა, ხოლო არგენტინელმა ფეხბურთელმა - გერმანული და ინგლისური. რატინი მოედანს არ ტოვებდა. მატჩი 10 წუთის განმავლობაში შეწყდა, ვიდრე მოედანზე თარჯიმანი არ გაიყვანეს, რომელმაც რატინს ვითარება აუხსნა. ფეხბურთელი ისე განრისხდა, რომ მოედნიდან პოლიციელებმა მსაჯი გაიყვანეს. ცხადია, რომ ენის ცოდნა არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებს ან ის, რომ მსაჯი მოედნიდან გაძევებს. მაგრამ როდესაც ადამიანის რისხვის ხარისხი ისეთ დონეს აღწევს, რომ ვითარებას არაადეკვატურად აღიქვამს, ჯობს დარწმუნებული იყო, რომ წესები აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია, მსაჯი კი გადაწყვეტილებებს არავერბალურად აცხადებდეს. ასტონს, რომელიც იმ დროს მსაჯთა შემადგენლობას ხელმძღვანელობდა, მომლაპარაკებლის სერიოზული უნარების გამოვლენა დასჭირდა იმისთვის, რომ არგენტინელი კაპიტანი დაემშვიდებინა და თამაშის გადატანა არ დაეშვა. სწორედ ამ სკანდალის დროს გააცნობიერა მან, რომ აუცილებელი იყო ისეთი მექანიზმის ამოქმედება, რომლითაც აგრესიულ მოთამაშეებს დაამშვიდებდნენ, ხოლო განრისხებულებს - მოედანს დაატოვებინებდნენ. იდეა კი შუქნიშანმა უკარნახა. „თამაში ორმოქმედებიანი პიესა უნდა იყოს, რომელშიც 22 მსახიობი მონაწილეობს. ხოლო მსაჯი ერთგვარი რეჟისორია. პიესას არ აქვს არც ტექსტი და არც სცენარი; და არავინ იცის დასასრული როგორი იქნება, თუმცა მისი ყურება ყველას უნდა სიამოვნებდეს“, - აცხადებდა ის. კენეტ ასტონი 2001 წლის 23 ოქტომბერს 86 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე ის ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, - წერს BBC.